ჩვენ აღსარებაზე მივდივართ, რადგან გვსურს, უფალმა მღვდლის მეშვეობით მოგვიტევოს ცოდვები.

ჩვენ აღსარებაზე მივდივართ, რადგან გვსურს, უფალმა მღვდლის მეშვეობით მოგვიტევოს ცოდვები. მაშ იცოდე, შენი აღსარება იქნება ფუჭი, ამაო, ძალადაკარგული და უფლისთვის შეურაცხმყოფელიც კი, თუ წახვალ მოუმზადებლად ან სინდისის გამოუცდელად, თუ სირცხვილის ან სხვა მიზეზის გამო დაფარავ საკუთარ ცოდვებს, აღიარებ მათ გულშემუსვრილებისა და ლმობიერების გარეშე, ფორმალურად, ცივად, მექანიკურად, და მტკიცედ არ გექნება გადაწყვეტილი სამომავლოდ გამოსწორება.
აღსარებაზე ხშირად მიდიხარ მოუმზადებლად. რას ნიშნავს მომზადება? ეს ნიშნავს საკუთარი სინდისის გულმოდგინედ გამოძიებას, შეცოდებათა გახსენებას და გულით შეგრძნებას, სულიერ მამასთან ყოველი მათგანის დაუფარავად თქმას, შენანებას და სამომავლოდ მათგან განშორებას. და რაკი ხშირად გვღალატობს მეხსიერება, კარგად იქცევიან ისინი, ვისაც ქაღალდზე გადააქვს გახსენებული ცოდვები. ხოლო ის ცოდვები, რომელთა გახსენება, მიუხედავად მთელი შენი მონდომებისა, არ შეგიძლია, ნუ დარდობ, რომ არ გეპატიება. შენ მხოლოდ გულწრფელად გადაწყვიტე, ყველაფერი შეინანო და ცრემლებით შესთხოვო უფალს, მოგიტევოს ყველა ცოდვა, გახსოვს ისინი თუ არა.
აღსარებაზე თქვი ყველაფერი, რაც გაწუხებს და გტკივა, ამიტომ ნუ მოგერიდება, კიდევ ერთხელ ახსენო ადრინდელი ცოდვები. ეს კარგია და ადასტურებს, რომ მუდამ თან გდევს გრძნობა საკუთარი უბადრუკობისა, რომ სძლიე შენი ცოდვით წყლულების აღმოჩენით გამოწვეულ ყოველგვარ სირცხვილს.
არსებობს ეგრეთ წოდებული აუღიარებელი ცოდვები, რითაც ბევრი ცხოვრობს მრავალი წლის ან იქნებ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ზოგჯერ გინდა, გაუმხილო ისინი მოძღვარს, მაგრამ მეტისმეტად გრცხვენია მათ შესახებ საუბარი – ასე მისდევს წელიწადი წელიწადს, ამასობაში კი ისინი გამუდმებით ამძიმებენ სულს და უმზადებს მარადიულ სასჯელს. ამ ადამიანთაგან ზოგი ბედნიერად ცხოვრობს, მაგრამ მოვა დრო და უფალი მათ მოძღვარს გაუგზავნის, განაღებს ამ მოუნანიებელ ცოდვილთა ბაგესა და გულებს, ისინიც აღიარებენ თავიანთ შეცოდებას. ამგვარად ჩირქგროვა პირს აღებს, ეს ადამიანები კი სულიერ შემსუბუქებას ჰპოვებენ და გამოჯანმრთელდებიან. მაგრამ როგორ უნდა გვეშინოდეს მოუნანიებელი ცოდვებისა!
მოუნანიებელი ცოდვები – ეს თითქოს ვალია ჩვენი,რასაც მუდამ შევიგრძნობთ და რაც გვამძიმებს. რა სჯობს მის გასტუმრებას – მაშინ სულში სიმშვიდე ისადგურებს; იგივეა ცოდვათა – ჩვენი სულიერი ვალი: აღიარებ მათ მოძღვრის წინაშე და გულზე მოგეშვება.
აღსარების დროს შენანება არის ერთგვარი ძლევა საკუთარი თავისა, გამარჯვებულის ტრიუმფი; ასე რომ, მონანული იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას.

Uncategorized

Leave a reply

− 4 = 1

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>